„ანაკლიის პროექტი დასრულდება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში,“ - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ქართული მხარე დაინტერესებულია პორტის მშენებლობისთვის ამერიკელი ინვესტორი მოძებნოს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თალაკვაძის განცხადებები თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან ქვეყანას უკვე ჰყავდა ინვესტორი და დაწყებული იყო მშენებლობა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან არ ჰქონდა მხარდაჭერა და პროექტი ჩაიშალა.
„ამ საკითხს სჭირდება ობიექტური გამოძიება პროკურატურის მხრიდან, რისი იმედიც ჩვენ არ გვაქვს. გამოსაძიებელია, ზოგადად, ის კორუფციული მმართველობის სტილი, რომელიც მხოლოდ ამ კომპანიაში არ არის და მთლიანად სახელმწიფო დაწესებულებების სენად იქცა ივანიშვილის მმართველობის დროს. ანაკლიის პროექტი დასრულდება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ.
რაც შეეხება ანაკლიის განვითარების ფონდს, როგორც მისი ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, ხელისუფლების მხრიდან სათანადო მხარდაჭერის არ ჰქონია გამო პროექტის მშენებლობა შეჩერდა. მისივე განცხადებით, აბსურდულია ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული სურვილი, თითქოს ამერიკელ ინვესტორს ეძებენ.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ტენდერი, რომელსაც აცხადებს მთავრობა, ვერ იქნება წარმატებული. ეს მთავრობამაც კარგად იცის, შესაბამისად, ამის საპირწონედ თუ არ გადაიდგა ნაბიჯები იმისათვის, რომ არიდებული იყოს საარბიტრაჟო დავა, ამ ტენდერს, ჩემი აზრით, წარმატება არ უწერია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავრობის განცხადებები არასერიოზულია“, - აცხადებს ლევან ახვლედიანი.